თეგი: დავოსის ეკონომიკური ფორუმი

მოლდოვის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები განვიხილეთ

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ნატალია გავრილიცა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დავოსში, 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ”, - წერს ნატალია გავრილიცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია. „ძალიან კარგი საუბარი შედგა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან. ევროკავშირში გაწევრიანება ორივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია. ამ გზაზე აქტიურად გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ჩემს კოლეგას კვლავ დავუდასტურე საქართველოს ცალსახა მხარდაჭერა მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”,- წერს Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილი.  

შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთ-ერთი პანელური დისკუსია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნება. ორგანიზაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ 19 იანვარს ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს, გააფართოვებენ სატრანსპორტო თანამშრომლობას, ინვესტირებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში.  ამასთან, როგორ შეუძლიათ ევროპასა და აზიას დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. წელს WEF მუშაობას 16 იანვარს დაიწყებს. დავოსის ფორუმის მთავარი თემა იქნება „თანამშრომლობა დაშლილ სამყაროში“. თავად ორგანიზატორების თქმით, ფორუმი ჩატარდება „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ფონზე“. ფორუმს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ასევე გერმანიის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, კოსტა-რიკის პრეზიდენტები და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან. დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20 იანვარს დასრულდება. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.  

ზელენსკამ დავოსის ფორუმზე მშვიდობის უკრაინული ფორმულა წარადგინა და ჩინეთის დელეგაციას სი ძინპინისთვის წერილი გადასცა

უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამ, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის მშვიდობის ფორმულა წარმოადგინა.  ფორუმზე ვიდეოტრანსლაციით ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.  „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, ჟღერს სიმართლე უკრაინაში ფართომასშტაბიან ომზე...მადლობა ამისთვის ელენას, რადგან „უკრაინის მშვიდობის ფორმულა“ წარმოადგინა“, - განაცხადა ზელენსკიმ.  ზელენსკიმ ასევე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთის დელეგაციასა და პირადად ჩინეთის ვიცე-პრემიერს ელენა ზელენსკა წერილს გადასცემს, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინისთვისაა განკუთვნილი და წერილში მშვიდობის აღდგენის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებებია.  ამასთან, ელენა ზელენსკამ განაცხადა, რომ წერილებს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაინესა და შვეიცარიის პრეზიდენტ ალენა ბერსესაც გადასცემს.   შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიური ფორუმი დავოსში 16 იანვარს გაიხსნა და 20-ში დასრულდება. ფორუმს არ ესწრება რუსეთის დელეგაცია.   

„ამაზონს“ საქართველოში დატა-ცენტრის შექმნა შევთავაზეთ - ლევან დავითაშვილი

„მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა „ამაზონს“ შევთავაზეთ, რომ განიხილონ შესაძლებლობა საქართველოში „ამაზონის“ ვებსერვისების (AWS) რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობისთვის“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზეც „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა, არის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება,  სამინისტროს პრიორიტეტები და საქართველოში ციფრული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო გარემო, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალურად არის დაახლოებული და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება. „ჩვენი შეთავაზებაა, რომ „ამაზონმა“ საქართველო განიხილოს როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში დატა-ცენტრის შექმნის  შესაძლებლობა. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში „ამაზონის“ დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კადრების მომზადებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე განცხადებით, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კომპანიებისთვის არსებობს მიმზიდველი ბიზნესგარემო, საგადასახადო სისტემა, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და იაფი ელექტროენერგია, რაც კარგად განვითარებულ საერთაშორისო ფართოზოლოვან და შიდა ინტერნეტკავშირებთან ერთად მნიშვნელოვანია და საქართველოს მიმზიდველ ადგილად აქცევს ტექნოლოგიური გიგანტების მონაცემთა გაცვლის ცენტრების შესაქმნელად. ლევან დავითაშვილმა და მაიკლ ფუნკემ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები დავოსში განიხილეს, სადაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ დავოსში მსოფლიო ეკნომიკური ფორუმი 16 იანვარს გაიხსნა და 20-ში დასრულდება.